თბილისის საქალაქო სასამართლომ ამჟამად ძებნაში მყოფი პაატა ქანდაურაშვილისა და ბრალდებული ნინო ბერიძის მიმართ სისხლის სამართლის საქმის განხილვა დაასრულა.
როგორც სასამართლოს პრესსამსახურმა „ნიუსპრესს“ აცნობა, მათ სხვისი ქონების უკანონო მითვისებაში ედებოდათ ბრალი.
საქმე რამდენიმე წლის წინ მომხდარ დანაშაულს ეხება. საქმის მასალების თანახმად, იტალიელმა ბიზნესმენმა ბენიამინო მ-მ პაატა ქანდაურაშვილთან ერთად 2005 წელს შპს. ,,სან მარკო” დააფუძნა. „სან მარკოს“ დირექტორად კი, ქანდაურაშილმა მისი ნდობით აღჭურვილი პირი ნინო ბერიძე დანიშნა. ბენიამინო მ. იტალიიდან ავეჯს გზავნიდა, რომლის რეალიზაციასაც საქართველოში ქანდაურაშვილი ახორციელებდა.
მოგვიანებით, პაატა ქანდაურიშვილმა და ნინო ბერიძემ ბენიამინო მ.-ს წინააღმდეგ ფარული საქმიანობა დაიწყეს. მათ სხვადასხვა ფულადი მაქინაციების წყალობით იტალიელი ბიზნესმენისგან 250 454 ევრო უკანონოდ მიითვისეს.
სასამართლომ ორივე ბრალდებული დანაშავედ სცნო.
ნინო ბერიძესთან საპროცესო შეთანხმების შემდეგ, მას 5 წლიანი პირობითი სასჯელი და სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯარიმის სახით 30 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა.
რაც შეეხება პაატა ქანდაურაშვილს, საქალაქო სასამართლომ მას დაუსწრებლად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა და დამატებითი სასჯელის სახით 20 ათას ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

















