სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ახალ თავჯდომარედ გიორგი გაბრიელაშვილი დაინიშნა, რომელიც თანამშრომლებს დღეს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, სააგენტოს ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი ვაშაძემ წარუდგინა.
„მინისტრთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სამოქალაქო რეესტრს ახალი ხელმძღვანელი ჰყოლოდა. სამოქალაქო რეესტრის ეფექტური მუშაობის გაგრძელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო სწორი კადრის შერჩევა. რეესტრი გააგრძელებს ისეთივე ინოვაციებზე და რეფორმებზე მუშაობას, როგორც აქამდე იყო“- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარის გიორგი გაბრიელაშვილის თქმით, სააგენტო ბევრი ამბიციური პროექტის განხორციელებას გეგმავს.
„ჩვენ გაცნობიერებული გვაქვს, რომ სააგენტოს მიერ მოპოვებულ ტიტულს ყოველდღე დაცვა უნდა. ვგეგმავთ, რომ უფრო ამბიციური გეგმები განვახორციელოთ, გვინდა სამოქალაქო რეესტრი არ იყოს მხოლოდ მოსახლეობის რეგისტრაციის მწარმოებელი. გვსურს, რეესტრი ჩამოვაყალიბოთ ახალი იდეების და მათი სწორად რეალიზაციის ადგილად“ - განაცხადა გიორგი გაბრიელაშვილმა.
გაბრიელაშვილი 2006 წლიდან სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში იურიდიული სამსახურის უფროსის პოზიციაზე, ხოლო 2011 წლის იანვრიდან ამავე სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილედ მუშაობდა.