საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მოლდოვას მოქალაქის მარიანა კიკუს სახელით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა.
როგორც "ნიუსპრესს" საია-დან აცნობეს, ორგანიზაცია უცხოელისთვის საპროტესტო აქციის პასუხისმგებელ პირად ყოფნის აკრძალვის გაუქმებას ითხოვს.
საია-ს ცნობით, 2011 წლის 11 აპრილს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ სახალხო დამცველის კონსტიტუციური სარჩელი დააკმაყოფილა, რომლითაც არაკონსტიტუციურად "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონის ის მუხლი გამოცხადდა, რომელიც საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირებს პასუხისმგებელ პირად ყოფნის უფლებას ართმევდა.
პასუხისმგებელ პირთა კატეგორიას შეკრების რწმუნებული და ორგანიზატორი განეკუთვნებიან, რომელთაც ამავე კანონით უფლება აქვთ ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოში გაფრთხილება შეიტანონ და შეკრების მონაწილეებს აქციის დაშლისკენ მოუწოდონ.
2011 წლის 1 ივლისს ცვლილებები და დამატებები "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონში შეიტანეს. პარლამენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმა ნაწილობრივ აღადგინა, რომელიც სხვა ქვეყნის მოქალაქეებს შეკრებისა და მანიფესტაციების ორგანიზების უფლებას კვლავ უკრძალავს.
საიას-ს ინფორმაციით, პარლამენტის მიერ შეტანილი შესწორება ბლანკეტურ ხასიათს ინარჩუნებს და უცხოელს შესაძლებლობას ართმევს, ხელისუფლებას პრობლემების შესახებ ხმა ეფექტურად მიაწვდინონ.
საია საკონსტიტუციო სასამართლოსგან აღნიშნული აკრძალვის არაკონსტიტუციურად ცნობას კიდევ ერთხელ მოითხოვს.

















