საერთაშორისო ტელერადიოკომპანია „მირის“ საქართველოს ბიურო ფუნქციონირებას ჯერჯერობით ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს.
ამის შესახებ „ნიუსპრესს“ „მირის“ საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ბადრი ნაჭყებიამ განუცხადა.
მისი განმარტებით, 1993 წლის 24 დეკემბერს აშხაბადში ხელმოწერილი შეთანხმებით ტელერადიოკომპანიის გარკვეული პრივილეგიები რეგულირდებოდა. შეთანხმებიდან გამოსვლის თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის ბრაძნებულებით კი, სწორედ ეს პრივილეგიები გაუქმდა. პრივილეგიები მაუწყებლობის ლიცენზიის მიღებაზე უპირატესობას, საოფისე შენობებით უფასოდ სარგებლობის და მსგავს საკითხებს მოიცავდა.
ამასთან, ბადრი ნაჭყებია განმარტავს, რომ საქართველოში „მირს“ განსაკუთრებული პრივილეგიებით რეალურად არც უსარგებლია და ისინი მხოლოდ ქაღალდზე არსებობდა. ამის გამო ფილიალის მუშაობა არ შეფერხდება. ის ფუნქციონირებას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს.
ნაჭყებიას თქმით, თბილისიდან აღნიშნულ საკითხზე „მირის“ ცენტრალურ ოფისს უკვე ეცნობა.
„მათგან რეაქცია უარყოფითია. თუ რაიმე სახის მწირი პრივილეგიები გვქონდა, იმასაც ვუფრთხილდებოდით და არცერთი კომპანიისთვის მათი დაკარგვა სასიამოვნო არ არის“ - აღნიშნა ნაჭყებიამ.
„მირის“ საქართველოს ბიურო სხვადასხვა ტიპის გადაცემებს ამზადებდა. მასალა მოსკოვში კომპანიის მთავარ ოფისში იგზავნებოდა, კონსოლიდირებულ პროგრამაში თავსდებოდა და საკაბელო არხებისა და სატელიტური ე.წ თეფშების საშუალებით ევრაზიის ტერიტორიაზე გადაიცემოდა.
„მირის“ თბილისის ოფისი დამატებით სარელეო ხაზით მასალის ე.წ. კომერციულ გადაცემასაც ახორციელებდა.
„სხვადასხვა საერთაშორისო და რუსულ ტელეკომპანიებს, მაგალითად „სიენენს“, „ენტევეს“ მასალების გადაგორებაში ვეხმარებოდით და ამისთვის შტაბი გარკვეულ გასამრჯელოს იღებდა. სავარაუდოდ ეს უფლება შეგვიწყდება“ - განაცხადა ბადრი ნაჭყებიამ.
ტელერადიოკომპანია "მირი" დსთ-ის წევრი ქვეყნების ხელმძღვანელების შეთანხმებით 1992 წელს შეიქმნა. მისი ბიუროები – საქართველოში, აზერბაიჯანში, სომხეთში, ბელორუსში, ყირგიზეთში, ყაზახეთში, ტაჯიკეთში, მოლდოვასა და რუსეთშია განთავსებული.
ტელერადიოკომპანია „მირთან“ დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად, უნდა შეწყდეს საქართველოს მიმართ 1993 წლის 24 დეკემბერს აშხაბადში ხელმოწერილი „სახელმწიფოთაშორისი ტელერადიოკომპანია „მირის“ საქმიანობის შეუფერხებელი და დამოუკიდებელი განხორციელების საერთაშორისო-სამართლებრივი გარანტიების შესახებ“ შეთანხმების მოქმედება.

















