პატიმრების ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასების დროს, სასჯელის გადავადება-გათავისუფლების საკითხის განხილვა ფორმალურ ხასიათს ატარებს.
აღნიშნულის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში განაცხადეს.
საია-ს წარმომადგენლების თქმით, პატიმრის სასჯელის გადავადება- გათავისუფლების საკითხს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და ჯანდაცვის სამინისტროს ერთობლივი მუდმივმოქმედი კომისია წყვეტს.
„მათი ქმედება კი, არა თუ არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს, არამედ შესაძლოა, რიგი შემთხვევები დანაშაულის ნიშნებსაც შეიცავდეს“- აცხადებენ საია-ში.
მათი თქმით, 2012 წლის 7 მარტს მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა #18 სამკურნალო დაწესებულებაში მსჯავრდებული ალექსანდრე დადიანი გარდაიცვალა.
სამედიცინო ცნობაში გარდაცვალების მიზეზად ტუბ-ინტოქსიკაციის ფონზე განვითარებული სუნთქვისა და გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობაა დასახელებული.
საია-ს ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 28 თებერვლის განჩინებით „უსაფუძვლობის გამო“ არ დააკმაყოფილა ალექსანდრე დადიანის შუამდგომლობა სასჯელის შემდგომი მოხდის გადავადების შესახებ, რაც სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდა.
„პრაქტიკა ადასტურებს, რომ როგორც სასამართლოში, ასევე, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და ჯანდაცვის სამინისტროს ერთობლივ მუდმივმოქმედ კომისიაში, აღნიშნული საკითხის განხილვა ფორმალურ ხასიათს ატარებს და პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის სათანადოდ შეფასება, განცხადებაზე დროული და ადეკვატური რეაგირება არ ხდება, რაც არც თუ იშვიათად, ფატალური შედეგით მთავრდება“- აღნიშნეს საია-ში.
საია-ს წარმომადგენლების თქმით, რამდენიმე პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
„მიგვაჩნია, რომ თუკი, გადაწყვეტილების მიმღები ორგანოები – სასამართლო და კომისია ზემოაღნიშნულ ფორმალურ მიდგომას ან უმოქმედებას გააგრძელებენ, ამ პატიმრებთან მიმართებაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სასჯელის მოხდის გადავადება-გათავისუფლების შესაძლებლობა აზრს დაკარგავს“- განმარტავენ საია-ს წევრები.

















