კომპანია "ელიტ-ელექტრონიქსის" დამფუძნებლისა და ყოფილი მმართველის ანზორ ქოქოლაძის სასამართლო პროცესი პირველ მაისს გაიმართება. ამის შესახებ "ნიუსპრესს" მისმა
ადვოკატმა ლილი გელაშვილმა განუცხადა.
ქოქოლაძის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი ბრალდების მხარის მოთხოვნით გადაიდო.
პროკურორი საკამათო სიტყვას პირველ მაისს სასამართლო განხილვაზე იტყვის. შემდეგ კი, კამათისთვის დაცვის მხარე მოემზადება.
ადვოკატის განცხადებით, ანზორ ქოქოლაძე 2010 წლის აგვისტოში დააპატიმრეს. მას ბრალად 2008-2009 წლებში უკანონო გარიგებებში მონაწილეობა და სახელმწიფოსა და კრედიტორთა წინაშე ვალდებულებების შესრულებაზე თავის არიდება ედებოდა. ქოქოლაძე 2011 წლის აპრილში დამნაშავედ სცნეს და 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. თუმცა, მოგვიანებით მას სისხლის სამართლის კოდექსით ახალი ბრალი წაუყენეს, რომელიც თაღლითობასა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას, ე.წ. ფულის გათეთრებას გულისხმობს. საქმის განხილვა პირველი ინსტანციის სასამართლოში მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას სასჯელი დაემატება.
ადვოკატის განცხადებით, პირველ ბრალთან დაკავშირებით სარჩელი მზადდება და უახლოეს მომავალში ქოქოლაძე სტრასბურგის ევროპულ სასამართლოს მიმართავს. ახალ ბრალთან დაკავშირებით კი, ის ბრძოლას ბოლომდე გააგრძელებს.
"ანზორ ქოქოლაძე დათმობას, შეგუებას ან საპროცესო გარიგებაზე დათანხმებას არ აპირებს. იგი ხელისუფლების იმ სქემის მსხვერპლია, რომელიც ბიზნესის დატერორებისთვის შეიქმნა" განუცხადა "ნიუსპრესს" გელაშვილმა.

















