საკანონმდებლო ცვლილების საფუძველზე, ნოტარიუსის მიერ სააღსრულებო ფურცლის გაცემის არეალი გაფართოვდა.
თუ აქამდე ნოტარიუსი სააღსრულებო ფურცელს გირავნობისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე გასცემდა, ამიერიდან, ქირავნობის, სესხის, ვალისა და ფულად ვალდებულებებთან დაკავშირებული ნებისმიერი ხელშეკრულების საფუძველზე გასცემს.
ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარის ბაჩანა შენგელიას თქმით, აღნიშნული სიახლე დაზარალებულ მხარეს სასამართლო დავასა და დამატებით ხარჯს ააცილებს თავიდან და საშუალებას მისცემს გარიგების გაფორმებისას უფრო დაცულად იგრძნოს თავი.
„ნოტარიუსთან ფულად ვალდებულებებთან დაკავშირებული ხელშეკრულების გაფორმებისას, თუ მხარეები ხელშეკრულებაში თავიდანვე ჩადებენ სააღსრულებო ფურცლის გაცემის პირობას, შემდეგში დავის წარმოშობის შემთხვევაში, დაზარალებულ მხარეს აღარ მოუწევს სასამართლოსთვის მიმართვა. სააღსრულებო ფურცელს გამარტივებული ფორმით პირდაპირ ნოტარიუსისგან მიიღებს" - განაცხადა შენეგლიამ.
როგორც იუსტიციის სამინისტროში განაცხადეს, ნოტარიუსის მიერ სააღსრულებო ფურცლის გაცემის პრაქტიკა ევროპის ლათინური ნოტარიატის წევრ ქვეყნებში დიდი ხანია არსებობს.

















