კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს მოქალაქეობაზე აღმატებული უფლება მიიღო, ნაკლებს ითხოვდა და უფრო მეტი მიიღო.
ეს განცხადება ივანიშვილის იურისტთა ჯგუფის წარმომადგენილმა არჩილ კბილაშვილმა დღეს ბრიფინგზე გააკეთა.
„5 აპრილს ხელისუფლებამ მას უთხრა, თქვენ აუცილებლად მიიღებთ ყველა იმ უფლებას, რასაც საქართვლოს მოქალაქეობა ჰქვია. დამატებით უთხრეს, იყავით საფრანგეთის მოქალაქე და რა უფლებებიც გსურთ ის განახორციელეთ“ - აღნიშნა კბილაშვილმა.
კბილაშვილის შეფასებით, იმისთვის, რომ პირადი თავმოყვარეობა თუ პატივმოყვარეობა გადაერჩინათ, კონსტიტუციაში ცვლილების შეტანა გადაწყვიტეს.
„თუ საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილება შევა, ივანიშვილი ისარგებლებს ყველა უფლებით. ამის მიუხედავად, ცვლილებისადმი ჩვენი დამოკიდებულება უარყოფითია“ - განაცხადა ადვოკატმა.
საკონსტიტუციო ცვლილებების მიხედვით, პარლამენტის წევრად შეიძლება აირჩეს საქართველოს მოქალაქე 21 წლიდან, რომელიც დაბადებულია საქართველოში, 10 წელი საქართველოში უცხოვრია და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეობა აქვს.

















