სამოქალაქო რეესტრის გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებით უკანონო და დაუსაბუთებელია. ამის შესახებ კოალიცია "ქართული ოცნების"
ლიდერის ბიძინა ივანიშვილის იურისტთა ჯგუფის წევრმა სანდრო ბარამიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, სამოქალაქო რეესტრი ვალდებული იყო დადებითი დასკვნა მოემზადებინა და პრეზიდენტისთვის გადაეგზავნა.
მისი განმარტებით, დასკვნა, პირდაპირ ეწინააღმდეგება "საქართველოს მოქალაქეობის შესახებ ორგანულ კანონს, კერძოდ მის 33-ე მუხლს, სადაც განმარტებულია რა შემთხვევაში მიმართავენ პრეზიდენტს ნატურალიზაციის წესით მოქალაქეობის მინიჭების განცხადებით.
იგი განმარტავს, რომ მოქალაქეობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას პრეზიდენტი იღებს და თუ დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს, მან უნდა გამოსცეს ბრძანების ფორმით, უარყოფითის შემთხვევაში კი, განკარგულების ფორმით.
"ჩვენს კონკრეტულ შემთხვევაში, როგორც ჩანს, პრეზიდენტი არ აპირებს გადაწყვეტილებას მიღებას და საბოლოოდ ჩაითვალა, რომ ეს გადაწყვეტილება სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ მიიღო" - განაცხადა ბარამიძემ
მისი თქმით, ხელისუფლების მხრიდან უსაფუძვლო შეფასებები კეთდება, თითქოსდა, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატებმა შეცდომა დაუშვეს და მას ნატურალიზაციის წესით მოქალაქეობის მიღებაზე განცხადების შეტანა ურჩიეს.
ბარამიძის თქმით, პირს შეუძლია აირჩიოს შესაძლო ორი ვარიანტიდან ერთ-ერთი - ეს არის პრეზიდენტისთვის მიმართვა და სამოქალაქო რეესტრში განცხადების შეტანა.
იგი განმარტავს, რომ ბიძინა ივანიშვილმა აირჩია ერთი და არ მიმართა პრეზიდენტს, იმიტომ, რომ პრეზიდენტს ვერავინ მოსთხოვს პასუხს თუ რატომ მიიღო უარყოფითი გადაწყვეტილება.
სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ ბიძინა ივანიშვილის მიერ საქართველოს მოქალაქეობის მიღების საკითხთან დაკავშირებით დასკვნა გამოსცა.
სააგენტოში აცხადებენ, რომ ბიძინა ივანიშვილს, როგორც სხვა ქვეყნის მოქალაქეს, საქართველოს მოქალაქეობის მიღების მიზნით უნდა მიემართა ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების მოთხოვნით. მსგავსი თხოვნით კი - ივანიშვილს შესაბამისი ორგანოებისთვის არ მიუმართავს.

















