გორში დღეს პარტია "თავისუფალი დემოკრატების" მხარდამჭერების ელგუჯა მახარაშვილის, ჯაბა და აკაკი ელიაშვილების საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართა.
"თავისუფალი დემოკრატების" ცნობით, პროცესს კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ალასანია დაესწრო.
ალასანიას განცხადებით, ეს "თავისუფალი დემოკრატებისა" და "ქართული ოცნების" წინააღმდეგ პოლიტიკური პროცესია, რადგან პარტიის მხარდამჭერები სწორედ პოლიტიკური მოტივით არიან დაკავებულები.
"მოსამართლეს აქვს საშუალება პროცესები ობიექტურად წარმართოს და შესაბამისად, გადაწყვეტილებაც ობიექტურად მიიღოს" - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
"თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენლის, გოდერძი მახარაშვილის ვაჟი ელგუჯა მახარაშვილი და მისი მეგობრები - ჯაბა და აკაკი ელიაშვილები 17 თებერვალს დააკავეს. დაკავებულების მიმართ გამოძიება ხულიგნობის მუხლით დაიწყო.
"თავისუფალი დემოკრატების" მხარდამჭერების საქმის მორიგი განხილვა 24 აპრილს დაიგეგმა.

















