სასჯელაღსულების სისტემაში რეფორმების კურსი უნდა გაგრძელდეს. ამის შესახებ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ დღეს საღამოს,
უმრავლესობის წევრებთან დახურული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.მედიის კითხვაზე - სახალხო დამცველის ანგარიშის შემდეგ ხომ არ დადგება მისი პასუხიმგებლობის საკითხი, კალმახელიძემ უპასუხა, რომ მისთვის მნიშვნელოვანია რეფორმების ტემპი არ შენელდეს, ხოლო ვინ განახორციელებს ამ რეფორმებს, ამას დიდი მნიშვნელობა არა აქვს.
„სამინისტრომ ბევრი რამ გააკეთა, თუმცა, პრობლემებზე მუშაობა უნდა გაგრძელდეს. ძალას არ დავიშურებთ, რომ ეს რეფორმები გავაგრძელოთ“ - განაცხადა კალმახელიძემ.
მან განმარტა, რომ უმრავლესობის წევრებთან დღევანდელი დახურული შეხვედრა სახალხო დაცველის ანგარიშს ეხებოდა. შეხვედრა პარლამენტში კალმახელიძესა და უმრავლესობას შორის ერთ საათზე მეტ ხანს გრძელდებოდა. მას უმრავლესობის ლიდერი პეტრე ცისკარიშვილი, პარლამენტის კომიტეტების ხელმძღვანელები და მთავრობის საპარლამენტო მდივანი გია ხუროშვილი ესწრებოდნენ.
სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში საკანონმდებლო ორგანოში წლიური ანგარიშით ხვალ წარსდგება. ანგარიშში ყველაზე დიდი ადგილი სწორედ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებულ ვითარებას ეთმობა, მათ შორის პატიმრების ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებულ პრობლემებს.

















