თბილისის პროკურატურას თურქეთის სამთავრობო დელეგაცია ეწვია.
როგორც „ნიუსპრესს“ პროკურატურიდან აცნობეს, სტუმრებს შორის თურქეთის იუსტიციის მინისტრის მოადგილე კენან ოზდემირი, იუსტიციის აკადემიის პრეზიდენტი ჰუსეინ ილდირიმი, საერთაშორისო სამართლისა და საგარეო ურთიერთობების გენერალური დირექტორატის გენერალური დირექტორი და მომკვლევი მოსამართლე იმყოფებოდნენ.
დელეგაციის წევრებს საქართველოს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე დავით საყვარელიძე და იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსი ანდრო გიგაური შეხვდნენ.
დავით საყვარელიძემ სტუმრებს სისხლის სამართლის რეფორმის პრეზენტაცია წარუდგინა. მან მსმენელებს „გლობალური კორუფციის ბარომეტრის“ და „დანაშაულის და უსაფრთხოების კვლევის“ შედეგები გააცნო, რომლის თანახმადაც, საქართველო ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად დასახელდა, თბილისი კი - აღმოსავლეთ ევროპის ყველაზე უასფრთხო დედაქალაქად.
იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსმა თურქეთის დელეგაციას არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირების კუთხით გადაგმული ნაბიჯები წარუდგინა.
ანდრო გიგაურმა პასუხისმგებლობის ალტერნატიულ, არასაპატიმრო ფორმებზე და არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციაზე ისაუბრა.
თურქეთის დელეგაცია ხვალ ბათუმში გაემგზავრება, სადაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებსა და აჭარის მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდებიან. სტუმრები ბათუმის იუსტიციის სახლსაც მოინახულებენ.
თურქული დელეგაციის ვიზიტი საქართველოში 13 აპრილს დასრულდება.

















