„ბანკი ქართუს" გენერალური დირექტორი ნოდარ ჯავახიშვილი მოქალაქე კახაბერ ვარდუკაძეს ურჩევს სასამართლოს მიმართოს.
ერთ-ერთი ლომბარდის მფლობელი კახაბერ ვარდუკაძე „ქართუ ბანკის“ თანამშრომლებს 27 კილო ოქროს მოპარვაში ადანაშაულებს.
„ვარდუკაძის მხრიდან ბანკის მიმართ გაკეთებულ ბრალდებებზე მხოლოდ ერთი პასუხი მაქვს - იხილეთ უზენაესი სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილება. მე მის გადაწყვეტილებას ვერ შევცვლი. ეს საქმე 2002 წლიდან მოდის. როგორც ვიცი, ამ საკითხზე ვარდუკაძე ციხეშიც იჯდა. რატომ წამოწია 10 წლის წინანდელი საკითხი ახლა ალბათ მარტივი მისახვედრია“ - განაცხადა ჯავახიშვილმა „ნიუსპრესთან“ საუბრისას.
ამასთან, ჯავახიშვილი განმარტავს, რომ იგი პირადად შეხვდა კახაბერ ვარდუკაძეს.
„ვურჩიე ისევ სასამართლოსთვის მიემართა. მან სწორ გზაზე დაყენებისთვის მადლობა გადამიხადა და მითხრა ისევ სასამართლოს მივმართავო. თუმცა, სასამართლოში რომ არ მიესვლება ფაქტია“ - განაცხადა ჯავახიშვილმა.
მოქალაქე კახაბერ ვარდუკაძემ დღეს პრესკონფერენციაზე „ბანკი ქართუს“ თანამშრომლები ბანკიდან 27 კილოგრამი ოქროს მოპარვასა და მის მიმართ განხორციელებულ ზეწოლაში დაადანაშაულა. მისი თქმით, მას ლომბარდი ჰქონდა, საიდანაც ოქრო ბანკში შეჰქონდა. 2003 წლიდან კი - აღნიშნული ოქრო ბანკიდან დაიკარგა. გამოძიებამ კახაბერ ვარდუკაძე დაზარალებულად ცნო, თუმცა, საქმის წარმოება შეწყდა. მან განმეორებითი სარჩელი 2005 წელს შეიტანა და ის ისევ დაზარალებულად ცნეს.
მისივე განცხადებით, უზენაეს სასამართლოში დავა 2008 წლის 13 ივნისს დასრულდა და „ქართუ ბანკს“ ვარდუკაძის სასარგებლოდ, 266 585 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა.
თუმცა, როგორც ვარდუკაძე აღნიშნავს, გადაწყვეტილების აღსრულებამდე ორი დღით ადრე, ბანკის პასუხისმგებელმა პირებმა ირაკლი მიქაბერიძემ და გიორგი ფურცხვანიძემ ცრუ ჩვენება მისცეს, თითქოს, ვარდუკაძის თანამონაწილეობით მის მიერ ბანკში შეტანილი 27 კილო ოქრო მიითვისეს, ოქროს 60% მათ აიღეს, ხოლო 40% ვარდუკაძეს დაუბრუნეს.
ვარდუკაძის ინფორმაციით, ეს პირები გაასამართლეს და საპროცესო შეთანხმების სანაცვლოდ გაათავისუფლეს, მას კი, ფიზიკური და სიტყვიერი ზეწოლის შედეგად, ცრუ აღიარებითი ჩვენების მიცემა და მოგებულ თანხაზე უარის თქმა აიძულეს.

















