მოქალაქეთა მიერ სახელმწიფოსთვის უძრავი ქონების უსასყიდლოდ გადაცემის გარემოებების დასადგენად, არასამთავრობო
ორგანიზაციებმა შესაძლოა, სამართალდამცავ ორგანოებს მიმართონ.
არასამთავრობოები აცხადებენ, რომ საკუთრების ჩუქებისა და მიტოვების შემთხვევები ბახმაროში, საირმეში, გრიგოლეთსა და ანაკლიაში დაფიქსირდა, რაც ბევრ საეჭვო გარემოებას ქმნის.
როგორც "ნიუსპრესს" "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" წარმომადგენელმა კახა კოჟორიძემ განუცხადა, ერთ-ერთი მთავარი გარემოება, რაც "საკუთრების დაუცველი უფლება საქართველოში" ანგარიშზე მუშაობისას გამოიკვეთა არის ის, რომ ამ კურორტებზე ერთსა და იმავე დროს რამდენიმე ადამიანმა ერთობლივად გადაწყვიტა სახელმწიფოსთვის ქონების ჩუქება.
"გარემოებები ბევრია, მაგალითად ის, რომ ასეთ მოქალაქეებს გაჩუქებული ქონების გარდა, საკუთრებაში სხვა ქონება არ აქვთ. ცხადია, კითხვის ნიშანს ბადებს ისიც, რომ ადამიანი, რომელიც მძიმე მატერიალურ მდგომარეობაშია რატომ უნდა ჩუქნიდეს სახელმწიფოს თავის უძრავ ქონებას"- განაცხადა იურისტმა.
არასამთავრობები აღნიშნავენ, რომ მოსახლეობაზე ზეწოლის ან იძულების ფაქტების პირდაპირი და უტყუარი მტკიცებულება არ არსებობს, რადგან აღნიშნულ საკითხზე საუბრისგან თავად გამჩუქებლები იკავებენ თავს.
"თუმცა, კვლევამ კიდევ ერთი გარემოება გამოკვეთა - რომ არა იძულება და ზეწოლა, კონკრეტული პირების მიერ ქონების მიტოვების ან სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადაცემას ადგილი არ ექნებოდა"- აღნიშნა "ნიუსპრესთან" კოჟორიძემ.
არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, გამოძიების მოთხოვნით სამართალდამცავ ორგანოებს მიმართავენ, თუმცა, მათ აქვე მაგალითად პრესაში გავრცელებული ინფორმაცია მოიყვანეს, რომლის თანახმად, იძულება სწორედ ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ხდება.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა - ასოციაცია "მწვანე ალტერნატივა", "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველო" და "საქართველოს რეგიონული მედიის აცოციაცია" ანგარიში "საკუთრების დაუცველი უფლება საქართველოში" დღეს გამოაქვეყნეს.

















