ამერიკის იურისტთა ასოციაციაცია - სასამართლო უნარ-ჩვევების სახელმძღვანელოს პრეზენტაციას, დღეს სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" გამართავს.
როგორც ნიუსპრესს ამერიკის საელჩოდან აცნობეს, "სასამართლო უნარ-ჩვევების პროექტს" ამერიკის იურისტთა ასოციაციის საქართველოს ოფისის თანამშრომლები და ჰოფსტრას უნივერსიტეტის (აშშ) პროფესორი ბარბარა ბარონი ხელმძღვანელობენ.
სასამართლო უნარ-ჩვევების სახელმძღვანელო უმაღლესი სასწავლებლების იურიდიული ფაკულტეტების პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტებისთვის დაიწერა.
სახელმძღვანელო ადვოკატირების ისეთ საკითხებს ეხება, როგორიცაა საქმის ანალიზი, ნაფიც მსაჯულთა შერჩევის საკითხები, მოწმის მომზადების პრინციპები, შესავალი და დასკვნითი სიტყვის მომზადება და წარდგენა, დაკითხვის წარმოება, ექსპერტი მოწმის დაკითხვის სპეციფიკა და ა.შ.
ამერიკის იურისტთა ასოციაცია საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში სისხლის სამართლის რეფორმის მხარდასაჭერად "სასამართლო უნარ-ჩვევების პროექტს" ახორციელებს. სასამართლო უნარ-ჩვევების სახელმძღვანელო აღნიშნული პროექტის ნაწილია.

















