საზოგადოებრივი მოძრაობა „სოლიდარობა უკანონო პატიმრების“ წევრებმა დღეს პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულთა მხარდასაჭერად მემორანდუმი გააფორმეს.
მემორანდუმი ახალი პროექტის - „დავეხმაროთ პოლიტპატიმრებს“ ფარგლებში გაფორმდა.
„სოლიდარობა უკანონო პატიმრების“ ცნობით, ადამიანის უფლებების დამცველთაგან შექმნილია დამოუკიდებელი კომისია, სადაც პოლიტიკური დევნისა თუ დაპატიმრების საკითხები განიხილება. კომისიის ინფორმაციით, შესწავლილი საქმეებიდან ირკვევა, რომ საქართველოში 93 პოლიტიკური პატიმარი და 11 პოლიტიკური დევნილია.
„სოლიდარობა უკანონო პატიმრების“ წარმომადგენლების თქმით, საქართველოში პოლიტპატიმრების ბედი კვლავ გაურკვეველია.
„აღნიშნულის გათვალისწინებით, კიდევ ერთხელ აუცილებელია სამოქალაქო საზოგადოების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების დაფიქსირებული შეთანხმება იმაზე, რომ საქართველოში ნამდვილად არიან პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული პირები. მოახლოებულია საპარლამენტო არჩევნები და ხელისუფლების წარსული ქმედებებიდან გამომდინარე, ქვეყანაში ახალი პოლიტიკური პატიმრები გაჩნდებიან“ - აღნიშნულია მემორანდუმში.
„სოლიდარობა უკანონო პატიმრების“ ორგანიზებით, მემორანდუმი საქართველოში პოლიტპატიმრების უფლებების, სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლების დაცვისთვის შეიქმნა.
მისი მიზანი ყველა პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული პირის გასათავისუფლებლად ბრძოლა და ნებისმიერი შეხვედრების, აქციების თუ მოთხოვნების დროს, ამ საკითხების წინა პლანზე წამოწევაა.

















