კონტროლის პალატის გადაწყვეტილების წინააღმდეგ "სახალხო კრების" თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელის გია კობახიძის სარჩელი თბილისის
საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა. ამის შესახებ "ნიუსპრესს" "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" მთავარი საბჭოს წევრმა თამარ ცინცაბაძემ განუცხადა.
სასამართლომ განაჩენი დღეს გამოიტანა და კონტროლის პალატის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
კონტროლის პალატამ გია კობახიძე 12 000 ლარით რამდენიმე კვირის წინ, "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ" ორგანული კანონის 34/2 მუხლის საფუძველზე დააჯარიმა.
თამარ ცინცაბაძის განმარტებით, კონტროლის პალატამ ჯარიმის დასაკისრებლად პარტიის წევრის ლია შერბაკოვას ჩვენება გამოიყენა. შერბაკოვას თქმით, პარტიის სახელზე საწევროს სახით გადარიცხული 300 ლარი მას გია კობახიძემ გადასცა.
ცინცაბაძის განცხადებით, შერბაკოვას მიერ გადახდილ საწევროს კონტროლის პალატამ, სრულიად უკანონოდ, პარტიის სახელზე გაკეთებული შემოწირულობა უწოდა.
"ხელისუფლების უკანონობის წინააღმდეგ ბრძოლა რომ ცალ-ცალკე პარტიებისთვის რთულია, ამიტომაც მოვუწოდეთ ოპოზიციას ამ მიმართულებით მაინც გავერთიანებულიყავით, თუმცა, სასურველი შედეგი სახეზე არ არის" - განუცხადა ცინცაბაძემ "ნიუსპრესს".
გია კობახიძე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებს.

















