საქართველოს სახალხო დამცველი 2012 წლის თებერვალში, ოკუპირებულ აფხაზეთში რუსი სამხედროების მიერ არასრულწლოვნის ცემის ფაქტთან დაკავშირებით
შეშფოთებას გამოთქვამს.
ამის შესახებ სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
მათი ინფორმაციით, აღნიშნული საკითხი 2012 წლის 29 თებერვალს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის თავმჯდომარეობით გალის რაიონში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 34-ე შეხვედრაზე განიხილეს.
"საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული სხდომის ოქმიდან ირკვევა, რომ რუსულმა მხარემ დაადასტურა უცნობი პირების მიერ არასრულწლოვანისთვის სახელმძღვანელოების დახევის ფაქტი, თუმცა, უარყო რუსი სამხედროების მიერ არასრულწლოვნის ცემა" - ნათქვამია განცხადებაში.
სახალხო დამცველის ცნობით, ბავშვის უფლებათა კონვენციის 38-ე მუხლი ავალდებულებს ხელშემკვრელ მხარეებს, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ბავშვების განსაკუთრებული დაცვის უზრუნველსაყოფად სპეციალური ზომები მიიღონ.
"საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს როგორც ხელისუფლებას, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს გადადგან ქმედითი ნაბიჯები ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ადამიანის უფლებათა დარღვევების ფაქტების აღსაკვეთად" - აღნიშნულია განცხადებაში.
2012 წლის თებერვალში, მედიის საშუალებით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ოკუპირებულ აფხაზეთში რუსმა სამხედროებმა მცირეწლოვანი ბავშვი მაშინ გააჩერეს, როცა ის სკოლაში მიდიოდა. მას ჩანთაში ქართული სახელმძღვანელო აღმოუჩინეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მოსწავლეს ხელი ჰქონდა მოტეხილი და მრავლობითი დაჟეჟილობები აღენიშნებოდა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მშობლები არასრულწლოვანთან დაკავშირებას ვერ ახერხებდნენ. ის სკოლის დირექტორის ოჯახში იმყოფებოდა და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ მკურნალობდა.

















