მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე დავით საყვარელიძე ნაკოტრეფიკის ბრალდებით მალაიზიაში დაკავებული
საქართველოს მოქალაქეების - ბაბუცა გორდაძისა და დარეჯან კოხტაშვილის საქართველოში ექსტრადაციის საკითხზე მალაიზიელ კოლეგებთან მოლაპარაკებებს გამართავს.
საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ის კუალა ლუმპურში გუშინ გაემგზავრა.
საქართველოს მთავარი პროკურატურისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია გორდაძისა და კოხტაშვილის მიმართ წარმოებული სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით ამ დრომდე მალაიზიაში იმყოფება.
ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები მალაიზიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის წარმომადგენლებთან გაიმართა.
საქართველოს მთავარი პროკურატურისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა დარეჯან კოხტაშვილი და ბაბუცა გორდაძე საპატიმროში მოინახულეს და საპატიმროს პირობებსა და ჯანმრთელობის მდგომარეობას გაეცნენ.
მთავარი პროკურატურის ცნობით, საქართველოს ხელისუფლების ორწლიანი აქტიური მუშაობის შედეგად მალაიზიაში დაკავებული საქართველოს ორივე მოქალაქე დარეჯან კოხტაშვილი და ბაბუცა გორდაძე უმძიმეს სასჯელს – სიკვდილით დასჯას გადაურჩნენ.

















