მალაიზიაში ნარკოტრეფიკის ბრალდებით დაკავებული ბაბუცა გორდაძის სასამართლო პროცესი ხვალ დილით გაიმართება. ამის შესახებ განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის
მოადგილე ნინო კალანდაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
როგორც კალანდაძემ განაცხადა, ქართული მხარე ინტენსიურად არის ჩართული გორდაძესთან დაკავშირებულ პროცესში.
კალანდაძის თქმით, ქართული მხარე იმედოვნებს, რომ სასამართლო დამატებით გარემოებებს გაითვალისწინებს, სიკვდილით დასჯას მასაც აღარ შეუფარდებს და მხოლოდ პატიმრობით შემოიფარგლება.
ბაბუცა გორდაძე დარეჯან კოხტაშვილთან ერთად, მალაიზიაში 2010 წლის ოქტომბერში ნარკოტიკების გადატანისა და საზღვრის უკანონოდ დარღვევის ბრალდებით დააკავეს.
მალაიზიის მხარემ დარეჯან კოხტაშვილთან 30 მარტს საპროცესო გარიგება გააფორმა და მას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

















