პოლიტიკურმა კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“, საქმის უსაფუძვლოდ გაჭიანურების გამო, მოსამართლეების გიორგი ტყავაძისა და ლაშა ქოჩიაშვილის წინააღმდეგ დისციპლინური დევნის აღძვრის მოთხოვნით, თბილისის საქალაქო სასამართლოში საჩივარი შეიტანა.
როგორც ადვოკატის ეკა ბესელიას მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, კოალიცია „ქართული ოცნების“ სათავო ოფისის შენობასთან დაკავშირებით სასამართლო დავა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს. ამ დროისთვის, სასამართლო საქმის განხილვის ვადებს უსაფუძვლოდ არღვევს და სარჩელების განხილვას ხელოვნურად აჭიანურებს.
განცხადების თანახმად, საქმის გაჭიანურების გამო კოალიცია „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკური საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელებაში ეშლება ხელი.
„სარჩელების ხელოვნურად გაჭიანურების თავიდან აცილების მიზნით, საჩივარი მოსამართლეების გიორგი ტყავაძისა და ლაშა ქოჩიაშვილის მიმართ, უსაფუძვლოდ საქმის გაჭიანურების გამო დისციპლინური დევნის აღძვრის მოთხოვნით შევიტანეთ“ - აღნიშნულია ბესელიას განცხადებაში.

















