სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში სოფლის განვითარების ცენტრის თანამშრომელთა შესარჩევ კონკურში მონაწილეებს გასაუბრება ჩაუტარდათ.
როგორც ნიუსპრესს“ სამოქალაქო რეესტრიდან აცნობეს, აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობის სურვილი 200-ზე მეტმა დაინტერესებულმა პირმა გამოთქვა, რომელთაგან პირველ ეტაპზე 130 კანდიდატი შეირჩა. მათ ტესტირება ზოგად უნარ–ჩვევებში ჩაუტარდათ.
ამ ეტაპზე გასაუბრებას 42 კანდიდატი გაივლის.
კონკურსის ყველა ეტაპის გავლის შედეგად შერჩეული თანამშრომლები, სოფლის განვითარების ცენტრების გახსნამდე, თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას სხვადასხვა უწყებებში გაივლიან.
სოფლის განვითარების ცენტრების მუშაობის შედეგად მოსახლეობა, სოციალური დახმარებების, მიწის რეგისტრაციის, პასპორტისა და პირადობის მოწმობის აღებას, სასოფლო-სამეურნეო კონსულტაციის მიღებას ადგილზევე შეძლებს. ასევე, საშუალება ექნებათ კომუნალური გადასახადები ელექტრონულად გადაიხადონ.
ადგილობრივ თვითმმართველობებში ელექტრონული მმართველობის დანერგვის პროექტის განხორციელება სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, 2011 წლის დეკემბრიდან დაიწყო.

















