საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) "დაიცავი საქართველოს" წევრის კახა მიქაიას დაპატიმრებას შეკრების თავისუფლებაში უხეშად ჩარევად აფასებს.
როგორც საია-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მიქაიას დაკავების ვიდეომასალიდან ირკვევა, რომ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს შენობის მახლობლად საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა, რომლის მონაწილეებს "თავისუფალი დემოკრატების" წევრები ირაკლი ჩიქოვანი და თეა წულუკიანი სიტყვით მიმართავდნენ.
განცხადების თანახმად, შეკრების მონაწილეები ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მიერ "თავისუფალი დემოკრატების" წევრის სერგო ჩაჩიბაიას მიმართ წინასწარი ორთვიანი პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით უკმაყოფილებას გამოხატავდნენ. ამ დროს, კახა მიქაიას სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები მიუახლოვდნენ და დააკავეს.
საია-ს ცნობით, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ კახა მიქაია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე - წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლისადმი ბოროტი დაუმორჩილებლობის მუხლებით გათვალისწინებული ქმედებისთვის ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად სცნო და 10 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
მათი ინფორმაციით, წვრილმანი ხულიგნობა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში უცენზურო ლანძღვა-გინებას, მოქალაქეებისადმი შეურაცხმყოფელ გადაკიდებას და სხვა ამგვარ ქმედებას გულისხმობს, რაც საზოგადოებრივ წესრიგს და მოქალაქეთა სიმშვიდეს არღვევს.
"საია მშვიდობიან საპროტესტო აქციაში მონაწილეობის გამო, მოქალაქის დაპატიმრებას გმობს და შეშფოთებულია იმით, რომ პატიმრობის სახით გამოყენებულმა მკაცრმა ღონისძიებამ შესაძლოა, "გამყინავი ეფექტი" მოახდინოს სხვა ინდივიდებზე, რომლებიც სასჯელის შიშით მომავალში თავს შეიკავებენ, მშვიდობიან საპროტესტო აქციაში მონაწილეობისგან" - ნათქვამია განცხადებაში.

















