იუსტიციის მინისტრის მოადგილემ თინათინ ბურჯალიანმა სანდრო გირგვლიანის მკვლელობას “უბედური შემთხვევა” უწოდა.
გირგვლიანის გახმაურებული მკვლელობის საკითხზე წერილობითი შეკითხვით, იუსტიციის სამინისტროს ფრაქციამ “ერთობა სამართლიანობისთვის” მიმართა.
მათ აინტერესებდათ იუსტიციის სამინისტროს მიერ, 2011 წლის 14 იანვარს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სახელზე, წარდგენილი გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებისთვის მოქმედების წინასწარი გეგმის დეტალები.
ამ კითხვის საპასუხოდ სამთავრობო საათზე პარლამენტში მყოფმა თინათინ ბურჯალიანმა განაცხადა, რომ ევროსასამართლოს გადაწყვეტილება უკვე აღსრულებულია. მისი თქმით, საქართველოს მთავრობას კომპენსაციის სახით ოჯახის სასარგებლოდ 50 ათასი ევროს გადახდა დაეკისრა იმ ხარვეზებისთვის, რასაც ადგილი ჰქონდა გამოძიებისას.
“ეს გადარიცხვა განხორციელდა 3 თვეში” – განაცხადა ბურჯალიანმა. მისი თქმით, ახლა ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტთან მიმდინარეობს მუშაობა, რომელიც ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებას ზედამხედველობს.
მინისტრის მოადგილის თქმით, სამოქმედო გეგმა მუშავდება და მისი მიზანია მსგავსი შემთხვევების პრევენცია და შეძლებისდაგვარად იმ შედეგების აღმოფხვრა, რომელიც „ამ უბედურ შემთხვევას მოჰყვა”.

















