ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის 2011 წლის ანგარიშს ხელისუფლების ისეთივე ელფერი დაჰკარვს, როგორც NDI-ის კველევებს.
ეს განცხადება არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარემ ნანა კაკაბაძემ „ნიუსპრესთან“ საუბარში ომბუდსმენის ანგარიშის შეფასებისას გააკეთა.
როგორც კაკაბაძემ განაცხადა, ანგარიშში ყურადღება პენიტენციური სისტემის ძლიან ბევრ საკითხზეა გამახვილებული, თუმცა, ძირითად პრობლემებთან შედარებით, ისინი ნაკლებად მტკივნეულია და შთაბეჭდილება რჩება, რომ ანგარიში ხელისუფლების მიმართ ლოიალურია.
„NDI-ის კვლევებში მეტად იგრძნობოდა ხელისუფლების ხელი, აქ ცოტა შეფარულია, მაგრამ აშკარა. ძალიან ბევრი მწვავე საკითხი ანგარიშში არ მოხვდა ან შეგნებულად გვერდი აქვს ავლილი“- აღნიშნა კაკაბაძემ.
უფლებადამცველის აზრით, სწორედ „ნულოვანი ტოლერანტობისა“ და „ყველანი ციხეში“-ს შედეგია ის, რომ დღეს საქართველო პატიმართა, მათ შორის პოლიტპატიმართა რაოდენობით პირველ ადგილზეა პოსტსაბჭოთა სივრცეში.
მისი თქმით, ანგარიშში საუბარია გარდაცვლილ ადამიანებსა და მათ დიდ რიცხვზე, თუმცა, არ არის ნათქვამი, რომ სიკვდილი სწორედ პენიტენციური სისტემის პოლიტიკის შედეგია.
როგორც კაკაბაძემ განაცხადა, თუ საქართველო „ვარდების რევოლუციამდე“ პენიტენციური სისტემის კუთხით ყველაზე გამჭვირვალე ქვეყანა იყო, დღეს ეს ყველაზე დახურული სფეროა.
კაკაბაძე არ ეთანხმება ანგარიშის იმ ნაწილს, სადაც ნათქვამია, რომ ხელისუფლების მხრიდან ომბუდსმენის რეკომენდაციების 40% შესრულდა, რადგან, მისი აზრით, მათი შესრულება პენიტენციურ სისტემაზე არ ასახულა და პირიქით, ხელისუფლება ისეთ კანონებს იღებს, რომელიც მდგომარეობას უფრო აუარესებს.
უფლებადამცველის განცხდებით, ხელისუფლება სასამართლოს პოლიტიკური ანგარიშსწორების ან ბიუჯეტის შესავსებად იყენებს, ანგარიშში კი - აღნიშნულის თაობაზე არაფერია ნათქვამი.
კაკაბაძემ „ნიუსპრესთან“ საუბარში, 26 მაისის ცნობილი მოვლენების ანგარიშში არასრულყოფილად ასახვაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მასში არ არის ის ფაქტი, რომ ამას შედაგად პოლიტიკური ნიშნით 40-ზე მეტი ადამიანის დაპატიმრება და ადამიანთა სიკვდილი მოჰყვა. მისი თქმით, ხელისუფლება არ არის დადანაშაულებული იმ მასშტაბით, რა პასუხისმგებლობაც მას ამ მოვლენებზე ეკისრება.
გიორგი ტუღუშმა ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ 2011 წლის 650 გვერდიანი ანგარიშის ძირითადი ნაწილი მედიას გუშინ გააცნო. ანგარიში განსახილველად პარლამენტში უკვე შევიდა.

















