საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ბოლნისის მე-3 საჯარო სკოლის მასწავლებლის თამარ ასპანიძის სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტს აპროტესტებს.
როგორც საია-ს წარმომადგენლებმა ამ ფაქტთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, თამარ ასპანიძე სამსახურიდან გათავისუფლებას, მისი შვილის დავით ასპანიძის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს.
მათი ინფორმაციით, დავით ასპანიძე „რესპუბლიკური პარტიის“ ბოლნისის ორგანიზაციის თავმჯდომარეა.
ასპანიძის განცხადებით, გათავისუფლებამდე რამდენიმე დღით ადრე სწორედ მისი და მისი შვილის პოლიტიკური შეხედულებების გამო, მას სკოლის დირექტორმა სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადების დაწერა მოსთხოვა.
საია-ს წარმომადგენლების განმარტებით, სკოლის დირექტორი აცხადებს, რომ ასპანიძის, როგორც პედაგოგის მიმართ, არანაირი პრეტენზია არ არსებობდა, თუმცა, ის იძულებული იყო ბოლნისის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრიდან მიღებული მითითება შეესრულებინა. ბოლნისის რესურს-ცენტრის ხელმძღვანელმა თამარ ასპანიძესთან საუბარში არ უარყო პედაგოგის გათავისუფლების სურვილი და აღნიშნა, რომ მისი გათავისუფლების მიზეზი ის ფაქტი იყო, რომ იგი არაერთხელ „დაუფიქსირებიათ“ „ქართული ოცნების“ ოფისთან.
„ვინაიდან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის
მიხედვით, ადამიანის დევნა მისი პოლიტიკური მოღვაწეობის ან შეხედულებების გამო სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს, სამართალდამცავმა ორგანოებმა დაუყოვნებლივ უნდა გამოიძიონ მოცემული ფაქტები და სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების გამოკვეთის შემთხვევაში, შესაბამისი პირების პასუხისგებაში მიცემის საკითხი დასვან“- აცხადებენ საია-ში.
თამარ ასპანიძე სამსახურიდან 2012 წლის 26 მარტს გაათავისუფლეს. ბრძანებაში მითითებულია, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველი დასაქმებულის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევა გახდა.

















