თბილისის საქალაქო სასამართლოში პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის თამაზ თამაზაშვილის საქმეზე დღეს ის პირები დაიკითხნენ, რომლებმაც საქმეში არსებულ ცეცხლსასროლ იარაღს ბალისტიკური ექსპერტიზა ჩაუტარეს.
თამაზაშვილის ადვოკატის შალვა თადუმაძის განცხადებით, ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ის შეიარაღება რომლის შეძენა-შენახვა-ტარებისთვისაც თამაზაშვილს ბრალი წაუყენეს თავის ფუნქციას ვერ ასრულებს და გამოყენებისთვის უვარგისია.
„ამდენად, გაურკვეველია რისთვის უნდა დასჭირვებოდა თამაზაშვილს ასეთი იარაღი და რამდენადაა ეს იარაღი საშიში საზოგადოებისთვის“- აღნიშნა თადუმაძემ.
ადვოკატის განცხადებით, ბრალდების მხარე ჩიხში შევიდა და სასასამართლოს არსებული მტკიცებულებების საფუძველზე თამაზაშვილის დამნაშავედ ცნობა გაუჭირდება.
სასამართლოს შემდეგი სხდომა 6 აპრილს დაინიშნა. პროცესზე ბრალდებული დაიკითხება.
თამაზ თამაზაშვილი 2011 წლის 11 ოქტომბერს სამართალდამცავებმა საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დააკავეს. მას ბრალად ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარება ედება.
დაცვის მხარე თამაზაშვილის დაკავებას ბიძინა ივანიშვილის "ქართული ოცნების" საინიციატივო ჯგუფის წევრის, მისი სიძის ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკურ აქტივობას უკავშირებს.

















