პარტია "სალომე ზურაბიშვილი–საქართველოს გზის" წევრები გორის პოლიციის სამმართველოში თამაზ ჯღირაძის გარდაცვალებას "საეჭვო ვითარებას" უკავშირებენ.
პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარის მამუკა ბალაიშვილის განცხადებით, თამაზ ჯღირაძის გარდაცვალების თაობაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ოფიციალური ვერსია ბევრ კითხვას ბადებს.
"მათი ვერსიით, თამაზ ჯღირაძეს გორის პოლიციის სამმართველოში ზეპირი დაკითხვის შემდეგ, გულის შეტევა დაემართა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების მისვლამდე გარდაიცვლა. ეს საეჭვო ვითრება კითხვას ბადებს - აღიარების მიზნით ჯღირაძეზე ფსიქოლოგიური ზეწოლა ხომ არ განხორციელდა, რამაც მისი გულის შეტევა და გარდაცვალება გამოიწვია" - განაცხადა მამუკა ბალაიშვილმა.
მისივე განმარტებით, ეჭვს ის ფაქტიც აძლიერებს, რომ გარდაცვლილის სახლი პოლიციელების თანამშრომლების ალყაშია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვერსიით, თამაზ ჯღირაძე გორის რაიონულ სამმართველოში ეთერ მახათაძის საჩივარის საფუძველზე დაიბარეს. ჯღირაძეს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ზეპირად გაესაუბრა. სანამ ის გამოკითხვის ოქმის შევსებას დაიწყებდა, ცუდად გახდა და სამედიცინო დახმარების მიუხედავად, გარდაიცვალა.
სამედიცინო პერსონალის მხრიდან ჯღირაძის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად გულის უკმარისობა დასახელდა. ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

















