აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო პროცედურებსა და ვადებს ამცირებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, აღსრულების ეროვნულ ბიუროში ხვალ პრესკონფერენცია გაიმართება.
როგორც "ნიუსპრესს" აღსრულების ეროვნული ბიუროდან აცნობეს, სააღსრულებო საქმიანობაში განსაზღვრული მოქმედებების განხორციელების ვადები და სააღსრულებო პროცედურების რაოდენობა შემცირდა, რომელიც გარკვეული ღონისძიებების განხორციელებას ითვალისწინებდა. ცვლილებები შეეხო ისეთ საკითხებს, როგორიცაა - სააღსრულებო და გადახდისუუნარობის საქმისწარმოების ვადები, მეურვის არჩევა, კრების ჩატარების ვადები, მეურვის, კრედიტორებისა და მოვალის წარმომადგენელი პირის მიერ შესაბამისი ინფორმაციის წარდგენის ვადები, გაკოტრების მმართველის არჩევა და დანიშვნა, სამეურვეო ქონების აუქციონით გაყიდვა, აუქციონის ჩატარების წესები და სხვა.
აღსრულების ეროვნული ბიუროს ინფორმაციით, გადახდისუუნარობის საქმისწარმოების კანონში შეტანილი ცვლილებებით გაჭიანურებული პროცედურები უფრო მოკლე ვადებში განხორციელდება და კრედიტორების ინტერესები უფრო სწრაფად დაკმაყოფილდება.

















