"საერთაშორისო ნარკოკარტელის" საქმეში 5 მსჯავრდებულიდან ერთ-ერთზე, ძებნილ ნუგზარ ბოჭორიშვილზე ათენში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის ფაქტს საბერძნეთის პოლიცია იძიებს.
ამის შესახებ ბოჭორიშვილის ადვოკატმა მანანა კობახიძემ დღეს პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ადვოკატის თქმით, თავდასხმის დროს ბოჭორიშვილმა უმნიშვნელო დაზიანებები მიიღო.
საბერძნეთის მოქალაქე ნუგზარ ბოჭორიშვილზე შეიარაღებული თავდასხმა 21 მარტს, ათენში მოხდა. ის საკუთარი ავტომანქანით მოძრაობდა, როდესაც უცნობმა პირებმა მანქანას ცეცხლი გაუხსნეს.
კობახიძის განცხადებით, ბოლო ორი თვის განმავლობაში ბოჭორიშვილს ტელეფონით ეროვნებით ქართველი მისთვის უცხო პირები უკავშირდებოდნენ. საუბარში კი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მაღალჩინოსნებს, მათ შორის, დათა ახალაიას ახსენებდნენ.
"როგორც ჩანს პირდაპირი ანგარიშსწორება მიდის ამ პიროვნების მიმართ, რადგან მას ძალიან დიდი თანხის გადახდას სთხოვდნენ. ორი თვის განმავლობაში მის ტელეფონზე განხორციელებულ ზარებში, უცნობი პირები მის მიმართ გამოძიების შეწყვეტის სანაცვლოდ სთხოვდნენ კუდ-ის მაღალჩინოსნის, ვინმე ოთარ ლომინაძის მეშვეობით, გადაეხადა დაახლოებით 3 მილიონი ლარი გადარიცხვით ან 1,5 მილიონი "ქეშად"- განაცხადა კობახიძემ.
ადვოკატის თქმით, თავად ბოჭორიშვილი თავდასხმას მის წინაღმდეგ 2010 წელს საქართველოში აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს უკავშირებს, რომელიც კოლუმბიიდან საქართველოში 220 კგ. კოკაინის ტრანზიტით შემოტანას და შემდეგ, ევროპის ქვეყნებში გადაზიდვას ეხებოდა.

















