თბილისის საქალაქო სასამართლომ თაღლითობის ფაქტზე, ძებნაში მყოფ ვერა ჩორგოლაშვილ -კაპანაძის მიმართ სისხლის სამართლის საქმის განხილვა დაასრულა.
როგორც "ნიუსპრესს" თბილისის საქალაქო სასამართლოდან აცნობეს, ვერა ჩორგოლაშვილ-კაპანაძემ მეზობელს საცხოვრებელი ბინის იპოთეკით დატვირთა და აღებული თანხის მისთვის გადაცემა შესთავაზა. თავის მხრივ, ჩორგოლაშვილი თანხის 3 თვის ვადაში დაბრუნების პასუხისმგებლობას იღებდა.
2009 წლის 17 იანვარს თბილისში, ლესელიძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ სანოტარო ბიუროში მხარეებს შორის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება გაფორმდა, რის შედეგადაც, ბრალდებულმა მეზობლის კუთვნილი - 13 000 ევრო თაღლითურად მიითვისა.
ჩორგოლაშვილმა იპოთეკის თანხა არ გადაიხადა, რის გამოც დაზარალებული მეუღლესთან და 10 წლის ინვალიდ შვილთან ერთად საკუთარი ბინიდან გამოასახლეს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ დაზარალებულისა და მოწმის ჩვენებებით, საჯარო რეესტრიდან ამოღებული სანოტარო აქტითა და იპოთეკის ხელშეკრულებით, საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან ერთად ვერა ჩორგოლაშვილ-კაპანაძე დამნაშავედ სცნო. მას 7 წლისა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. დამატებითი სასჯელის სახედ კი, 3 500 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა.

















