საქართველოში რუსული მშრალტვირთმზიდი ხომალდის დაკავების გარემოებებს შვეიცარიის საელჩო იკვლევს.
ამის შესახებ განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრე ლუკაშევიჩმა გააკეთა.
როგორც ცნობილია, რუსული დროშის ქვეშ მცურავი გემი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციამ გუშინ სარფთან დააკავა. ხომალდის ეკიპაჟი 10 წევრისგან შედგება.
ლუკაშევიჩის ინფორმაციით კი, გემი მაშინ დააკავეს, როდესაც თურქეთის პორტ ხოფაში უნდა შესულიყო.
მისი თქმით, ბორტზე მყოფ მეზღვაურებს საკონსულო დახმარებას შვეიცარიის საელჩო გაუწევს, რადგან სწორედ ეს ქვეყანა იცავს საქართველოში რუსეთის ინტერესებს.

















