კონტროლის პალატის მიერ დაკითხვაზე დაბარებული მოქალაქეების დასაცავად იურისტებისაგან დაკომპლექტებული მობილური ჯგუფები მზად არიან.
შესაბამისი წერილი კონტროლის პალატაში დღეს შევა.
ამის შესახებ "ნიუსპრესს" არჩევნებისა და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევითი ცენტრის დირექტორმა კახა კახიშვილმა განუცხადა.
მისი განმარტებით, კამპანიაში მონაწილე არასამთავრობო უფლებადამცველი ორგანიზაციები ყველა დეტალზე შეთანხმდნენ.
"დღეს საღამოს მოვამზადებთ წერილს და ვაცნობებთ კონტროლის პალატას, რომ მათ მიერ დაბარებული მოქალაქეების დასაცავად აქტიურ მუშაობას ვიწყებთ. თუ რომელიმე რეგიონში პალატა მოქალაქეების დაკითხვას დააპირებს უნდა გვაცნობოს, რათა პროცესში როგორც უფლებადამცველები ისე ჩავერთოთ" - განაცხადა კახიშვილმა.
კონტროლის პალატის მიერ რეგიონებში ახსნა-განმარტებისთვის მასობრივად დაბარებული მოქალაქეების უფლებების დასაცავად, უფლებადამცველი ორგანიზაციები მობილური ჯგუფების შექმნის ინიციატივით გასულ კვირაში გამოვიდნენ.

















