სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ინფორმაციით, ქსნის №15 დაწესებულებასთან საზოგადოებრივი მისაღების მშენებლობა მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ დაათვალიერა.
სამინისტროს ინფორმაციით, ახალ საზოგადოებრივ მისაღებში ვიზიტორებისთვის კომფორტული გარემო შეიქმნება, გამარტივდება პროცედურული საკითხები, სწრაფი, სრულყოფილი და მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისი ამოქმედდება. მოქალაქეებს მოემსახურებიან მაღალკვალიფიციური საზოგადოებრივი კონსულტანტები, რომლებმაც რამდენიმე ეტაპიანი სპეციალური მომზადების პროგრამა გაიარეს.
საზოგადოებრივი მისაღებში შესაძლებელი იქნება მსჯავრდებულთან პაემანზე წინასწარი რეგისტრაცია, საჭირო ინფორმაციის და კონსულტაციის მიღება, განცხადების ჩაბარება. დამატებითი სერვისის სახით ვიზიტორებისათვის უფასო იურიდიული კონსულტაცია, საბანკო სერვისი, უფასო ინტერნეტი და საბავშვო კუთხეა გათვალისწინებული.
პირველი საზოგადოებრივი მისაღები გლდანის №8 და №18 დაწესებულებებთან გაიხსნა, ეტაპობრივად კი - სასჯელაღსრულების ყველა დაწესებულებასთან ამოქმედდება.

















