შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტმა თურქეთის ქალაქ ორდუში მომხდარი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით
ოქროსა და ძვირფასი ნივთების ძარცვის ფაქტზე საქართველოს კიდევ ორი მოქალაქე დააკავა.
როგორც დღეს საღამოს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე კუდ-ის უფროსის მოადგილე სოსო თოფურიძემ განაცხადა, დაკავებული არიან ვახტანგ ირემაძე და მერაბ ლაშქარეიშვილი.
ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად მერაბ ლაშქარეიშვილის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულია ნაძარცვი ოქროს კიდევ ერთი ნაწილი.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ჯგუფის დარჩენილი წევრების დაკავებისა და დარჩენილი ძვირფასეულობის ამოღების მიზნით ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებებს განაგრძობენ.
თურქეთის ქალაქ ორდუში 9 მარტს საიუველირო მაღაზიის ძარცვის შედეგად განსაკუთრებით დიდი რაოდენობის ოქროს ნაკეთობები იქნა მოპარული. მძარცველებმა მაღაზიაში გვირაბის მეშვეობით შეაღწიეს. იმავე დღეს გავრცელდა ინფორმაცია აღნიშნულ ძარცვაში ქართველების მონაწილეობის შესახებ.
სპეცოპერაციის შედეგად 10 მარტს კუდ-მა ორგანიზებული-დანაშაულებრივი ჯგუფის ხელმძღვანელი ვახტანგ ფურცელაძე დააკავა. თბილისსა და ქუთაისში ნაძარცვი ძვირფასეულობის ნაწილიც ამოიღეს.

















