"ქართუ ბანკი" დაჯარიმების შესახებ კონტროლის პალატის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.
ამის შესახებ "ნიუსპრესს" "ქართუ ბანკის" იურიდიული დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ გურამ მაჭარაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, კონტროლის პალატის გადაწყვეტილება უკანონოა და მას აუცილებლად გაასაჩივრებენ.
"კონტროლის პალატის მიერ დაწესებული ჯარიმის გადახდას თავისი ვადები აქვს. სამწუხაროდ, გასაჩივრება გადახდის ვალდებულებას არ აჩერებს. აქედან გამომდინარე, იძულებული ვიქნებით თანხა გადავიხადოთ" - განაცხადა მაჭარაშვილმა.
მაჭარაშვილის თქმით, პროცესის მოგების შემთხვევაში, სახელმწიფო ვალდებული იქნება "ქართუ ბანკს" თანხა უკან დაუბრუნოს.
კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა "ქართუ ბანკი" "კანონისთვის გვერდის ავლის მიზნით განხორციელებული ფინანსური ტრანზაქციის ფაქტზე" 822 040 ლარით დააჯარიმა.

















