ვანის მუნიციპალიტეტის ყოფილი თავმჯდომარის დავით კაკაბაძის დაკავებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.
სამინისტრო კაკაბაძეს დოკუმენტაციის გაყალბების წაქეზებაში ადანაშაულებს.
„გამოძიებამ დაადგინა, რომ კაკაბაძემ საკრებულოს თანამშრომლები, ვანის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი და ამავე საკრებულოს აპარატის უფროსი, ყალბი დოკუმენტის დამზადებაში წააქეზა. მათ მიერ გაყალბებული ბრძანების საფუძველზე, საკრებულოს ბაზაზე არსებული, მაღალი გამავლობის „ჰაილუქსის" მარკის ავტომობილი, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს გადაეცა. 5 ნოემბრით დათარიღებული დოკუმენტი, კი, სინამდვილეში 20 დეკემბერსაა შედგენილი. დავით კაკაბაძემ ვანის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა 9 დეკემბერს დატოვა“ - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 24-341-ე მუხლით (დოკუმენტაციის გაყალბება) მიმდინარეობს. დანაშაული 2-დან 4 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა- ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოსა და ვანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, ვანის მუნიციპალიტეტის ყოფილი თავმჯდომარე, 1964 წელს დაბადებული დავით კაკაბაძე გუშინ დააკავეს.