თბილისის მთავარი სამმართველოს, დეტექტივების სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლებმა,
ისანი-სამგორის სამმართველოსა და თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის საპატრულო პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებთან ერთობლივად ჩატარებული ოპერაციის შედეგად, 1981 წელს დაბადებული ზვიად შამათავას განზრახ მკვლელობისა და ხულიგნობის ბრალდებით, თბილისში , 1992 წელს დაბადებული ხვიჩა ლ. და 1992 წელს დაბადებული ალეკო ო. დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულებს 2012 წლის 22 დეკემბერს, თბილისში, ხეივნის ქუჩა N112-ში მდებარე რესტორან „სამი საუკუნის" მიმდებარე ტერიტორიაზე მდგომ ტაქსის მძღოლ ზვიად შამათავასა და სხვა ორ მძღოლთან ურთიერთშელაპარაკება მოუვიდათ. სიტყვიერი კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რის შედეგადაც ალეკო ო-მ ზვიად შამათავა დანით გულ-მკერდის არეში სასიკვდილოდ დაჭრა, ხოლო ხვიჩა ლ. დანარჩენებს ფიზიკურად გაუსწორდა. ზვიად შამათავა მიყენებული ჭრილობების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილიდან ნივთმტკიცების სახით დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ამოიღეს.
გაირკვა, რომ ალეკო ო. წარსულში ცივი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებისათვის იყო დაჯარიმებული.
ორივე დაკავებული სასჯელაღსრულების N8 დაწესებულებაშია გადაყვანილი. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 239-ე (ხულიგნობა) მუხლებით მინდინარეობს. საქმეს თბილისის შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს პირველი განყოფილება იძიებს.