უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კოტე კუბლაშვილმა, ბოლო რამდენიმე დღის მანძილზე სასამართლო სისტემასთან დაკავშირებულ მოვლენებთან დაკავშირებით მედიისთვის განცხადება გააკეთა.
მან თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწეზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტი შეაფასა და მას გამბედაობისა და მოვალეობის პირნათლად შესრულებისათვის მადლობა გადაუხადა.
„ჩვენი შეხვედრის მიზანი იყო გამეცნო ადამიანი, რომელმაც დაიცვა სასამართლოს ღირსება და პრესტიჟი, არ შეუშინდა იძულებას და ამის თაობაზე ხმამაღლა განაცხადა. მე მას დიდი მადლობა გადავუხადე და ასევე აღვუთქვი მომავალში მხარდაჭერა, რომ დაცული იქნება მისი უსაფრთხოება. ასევე ველით, რომ ეს საქმე ძალიან დეტალურად იქნება გამოძიებული და დადგენილნი იქნებიან ის პირები, რომლებიც სასამართლოს წინააღმდეგ ახორციელებდნენ მსგავს ქმედებას“- განაცხადა კუბლაშვილმა.
მან კომენტარი ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით გაცემული სასამართლო ბრძანებების შესახებაც გააკეთა.
„ჩვენ გვინდა დავხვეწოთ, დავაზუსტოთ და უფრო მაღალი სტანდარტი შევქმნათ იმ სასამართლო ბრძანებებთან დაკავშირებით, რომელიც საგამოძიებო ორგანოებს აძლევს უფლებას, მოუსმინონ კონკრეტულ პირებს. ჩვენ ვაპირებთ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის ზაზა მეიშვილის ხელმძღვანელობით სამუშაო ჯგუფი შევქმნათ, რომელშიც ასევე ის მოსამართლეებიც შევლენ, რომლებსაც ამ სპეციალური ბრძანების გაცემის დიდი გამოცდილება აქვთ“- განაცხადა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ.

















