სასტუმრო „თბილისი მარიოტში", დღეს კონფერენცია თემაზე: „თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება, ეფექტური პოლიცია და პროკურატურა საქართველოში", გაიმართა.
დისკუსიას შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი, სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი, ადამიანის უფლებათა დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ნიდერლანდების ელჩი პიტერ ლანგენბერგი, გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის უფროსი მრჩეველი ადამიანის უფლებების სფეროში ვლადიმერ შკოლნიკოვი და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
კონფერენცია არასამთავრობო ორგანიზაციის "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის", გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისისა და ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ორგანიზებით ჩატარდა.
კონფერენციის მონაწილეებმა განიხილეს თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების პატივისცემის საკითხები, ბოლოდროინდელი დაპატიმრებებისა და ფართომასშტაბიანი ამნისტიის ფონზე დაგეგმილი აქტივობები და პოლიციისა და პროკურატურის მიერ, ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვის სფეროს მიმართ რეკომენდაციები.
დისკუსიაზე შს მინისტრმა ქვეყანაში არსებული კრიმინოგენული მდგომარეობა შეაფასა და აღნიშნა, რომ ამ დროისათვის, ვითარება სრულად კონტროლდება. ბოლოდროინდელ დაპატიმრებებთან დაკავშირებით, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ დაკავებები პოლიტიკური ნიშნით არ ხორციელდება და შსს-ს აქვს მყარი მტკიცებულებები თითოეულ საქმესთან დაკავშირებით.

















