საქართველოს მთავარმა პროკურატურამ, პარლამენტარ დავით საყვარელიძის მოწმის სახით დაბარებასთან დაკავშირებით წუხელ განცხადება გაავრცელა.
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტი იძიებს ქალაქ თბილიში რიყის ტერიტორიის გასხვისებისა და გამოსყიდვასთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეს.
რიყის ტერიტორია თბილისის მერიის მიწის მართვისა და განკაგვის კომისიის გადაწყვეტილებით, პირობიანი ხელშეკრულებით გასხვისდა 2006 წლის 2 მაისს, თუმცა შემდგომში, ხსენებული ფართობი, უკან იქნა გამოსყიდული საბიუჯეტო თანხით და ბევრად მეტ ფასად. ეს გარემოება ბადებს კითხვებს ამ ოპერაციების კანონიერებასთან დაკავშირებით.
ამ ოპერაციიის განხორციელებისას თბილისის მერიის მიწის მართვისა და განკაგვის კომისიის ერთ-ერთი წევრი, მერიის კანონიერების დაცვის გენერალური ინსპექციის იმდროინდელი უფროსი დავით საყვარელიძე იყო.
გამოძიების ამ ეტაპზე უკვე დაკითხულია კომისიის რამდენიმე წევრი და დღის წესრიგში დადგა დავით საყვარელიძის მოწმის სახით დაკითხვაც, რაც მნიშვნელოვანია საქმეზე ჭეშმარიტების დასადგენად.
შესაბამისად, 2012 წლის 11 დეკემბერს, დავით საყვარელიძისთვის უწყების ჩასაბარებლად, გამომძიებელი ნოდარ გოგლიძე და ინსპექტორ-გამომძიებელი გოჩა ჩხაიძე გამოცხადდნენ მის საცხოვრებელ მისამართზე - სადაც დახვდათ ქალბატონი, რომელმაც უარი განაცხადა უწყების ჩაბარებაზე. შედგა შესაბამისი ოქმი“ - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
ამავე განცხადების თანახმად, ამავე დღეს, გამომძიებელი ნოდარ გოგლიძე ტელეფონით დაუკავშირდა დავით საყვარელიძეს და აცნობა, რომ მოწმის სტატუსით იყო მიწვეული საგამოძიებო სამსახურის ადმინისტრაციულ შენობაში, შპს „ახალ რიყე“-სთან მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით. დავით საყვარელიძემ ნოდარ გოგლიძეს განუცხადა, რომ პირადად დაკავშირებოდა საქმის მწარმოებელი გამომძიებელი პროკურორთან ერთად და ამის შემდგომ გამოცხადდებოდა მასთან.
„2011 წლის 11 დეკემბერს, 11:24 საათზე, ამავე სამმართველოს უფროსი გამომძიებლი დავით ჩუბინიძე კვლავ დაუკავშირდა მობილურ ტელეფონზე - პარლამენტის წევრ დავით საყვარელიძეს, რომელსაც ჰკითხა, თუ რა მისმართზე მიეტანა უწყება პირადად მისთვის ჩასაბარებლად, რაზედაც მიიღო პასუხი, რომ - გამოძიებისათვის საინტერესო თემასთან დაკავშირებით პროცესში მთლიანად ჩართული იყო საქართველოს პრემიერ მინისტრი ბატონი ბიძინა ივანიშვილი, გამოძიებამ ჯერ დაკითხოს პრემიერ მინისტრი და შემდგომ გამოცხადდებოდა გამომძიებელთან. მანვე, უწყების დატოვება მოითხოვა ნაციონალური მოძრაობის ოფისში, კახეთის გზატკეცილზე.
დავით საყვარელიძის განცხადებით, მხოლოდ ზემოთხსენებული პროცედურების გავლის შემდეგ გამოცხადდებოდნენ პარლამენტის წევრები გამომძიებელთან“ - ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.
შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გამოძიებამ მიიღო გადაწყვეტილება და დავით საყვარელიძის გამოძახების შესახებ უწყება ჩააბარა საქართველოს პარლამენტის კანცელარიას ქ. ქუთაისში, ასევე პირადად მას, მობილურ ტელეფონზე გაეგზავნა ანალოგიური შინაარსის მოკლე ტექსური შეტყობინება, რაზედაც შედგა შესაბამისი ოქმი.

















