საქართველოს სასჯელაღსრულების სამინისტრო ეხმიანება, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მკველობის მცდელობისთვის,
4 დღის წინ შეწყალებული პიროვნების დაკავებას და მასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.
ამ ფაქტს დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეჭვმიტანილი, პრეზიდენტმა სასჯელაღსრულების მინისტრის, სოზარ სუბარის შუამდგომლობის საფუძველზე შეიწყალა.
აღნიშნულ გამოხმაურებებს, სამინისტრო განცხადებით პასუხობს.
„2012 წლის 11 დეკემბერს, მედიის საშუალებით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოქალაქემ თ.გ. 9 დეკემბერს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული განზრახ მკვლელობის მცდელობა ჩაიდინა, რაც ძალიან სამწუხარო ფაქტია და რეაგირების გარეშე არ დარჩება.
თ.გ. იმ პატიმართა ჩამონათვალში შედიოდა, რომელთა გაჩერება თავისუფლების აღკვეთის პირობებში პირდაპირ საფრთხეს უქმნიდა მათ სიცოცხლეს და მათი გამოჯანმრთელება სასჯელაღსრულების სისტემის ფარგლებში შეუძლებელი იყო. სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა აღნიშნული პატიმრების შეწყალების შუამდგომლობით მიმართა საქართველოს პრეზიდენტს.
საერთაშორისო კვლევების თანახმად სასჯელისგან გათავისუფლებული ადამიანების საშუალოდ 16% კვლავ ჩადის დანაშაულს, თუმცა ადამიანის უფლებათა დაცვის პრინციპების გათვალისწინებით, მძიმედ დაავადებული პატიმრების შემთხვევაში დაუშვებელია სასჯელისაგან გათავისუფლებაზე უარის თქმა მხოლოდ მსაჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის გამო.
შუამდგომლობა შეწყალებაზე ამ შემთხვევაში წარმოადგენდა ერთადერთ გამოსავალს, რადგან სასჯელისგან განთავისუფლების სხვა მექანიზმები ვერ უზრუნველყოფდა 88 მძიმე ავადმყოფი მსჯავრდებულის გათავისუფლებას ჯანმრთელობის მდგომარეობის საფუძველზე.
მომავალში ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მქონე პატიმართა საკითხის შესწავლას საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივი მუდმივმოქმედი კომისია გააგრძელებს, რომლის დაკომპლექტებაც გარკვეულ დროს მოითხოვს“ - ნათქვამია სასჯელაღსრულების სამინისტროს განცხადებაში.

















