შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, მკვლელობის მცდელობის ფაქტზე 1950 წელს დაბადებული თენგიზ გ. დააკავეს.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 2012 წლის 9 დეკემბერს, თამარ მეფის გამზირზე თენგიზ გ.-მ დანით მუცლის არეში ჭრილობა მიაყენა 1981 წელს დაბადებულ თამაზ კახიძეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაზარალებულის აღწერილობის საფუძველზე აღნიშნული პიროვნება პოლიციის თანამშრომლებმა ფოცხვერაშვილისა და ნინოშვილის ქუჩების კვეთაზე, სარდაფთან დააკავეს. დაკავების მომენტში მას ხელში ეჭირა დანა, რომელსაც სისხლის კვალი ჰქონდა.
ბრალდებული ე.წ. „ქურდული ტრადიციების" მიმდევარია და წარსულში მრავალჯერაა ნასამართლევი. 2007 წლიდან იგი 11 წლიან სასჯელს იხდიდა ყაჩაღობისთვის.
თენგიზ გ. 2012 წლის 7 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტის შეწყალების საფულძველზე გათავისუფლეს საპატიმროდან.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108 მუხლით (განზრახ მკვლელობა) მიმდინარეობს.

















