შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, პანკისის ხეობაში იმყოფებოდა სადაც, სოფელ დუისში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემა ლაფანყურის ინციდენტის გამოძიება იყო. ადგილობრივებმა ირაკლი ღარიბაშვილს მომხდარის შესახებ საკუთარი ვერსიები გააცნეს.
სამინისტროს ცნობითვე, შინაგან საქმეთა მინისტრმა მოსახლეობას პირობა მისცა, რომ აღნიშნული საქმის გამოძიება ობიექტურად წარიმართება და მას პირადად გააკონტროლებს.
მოსახლეობასთან გასაუბრების შემდეგ მინისტრმა სოფლის მეჩეთი მოინახულა და იმამს საჩუქრად ყურანი და ხალიჩა გადასცა.
ირაკლი ღარიბაშვილი ასევე სოფლის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიას ეწვია .
შინაგან საქმეთა მინისტრი რეგიონების მონახულებას მომავალი 2 კვირის განმავლობაში გააგრძელებს.

















