„კონსტიტუციის 42-ე მუხლისა“ და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ორგანიზებით, დღეს, სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში,
პროექტის - “ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული ციხის რეფორმის ადვოკატირება” ფარგლებში, კონფერენცია გაიმართება.
„კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, კონფერენციის განსახილველ თემებს შორისაა ალტერნატიული მონიტორინგის მექანიზმი, პატიმრობის კოდექსი - პრობლემური საკითხები, პირობით ვადამდე გათავისუფლების მექანიზმი, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში განთავსება და არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშემწყობი წინადადებები.
კონფერენციის მსვლელობაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავარი პროკურატურის, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ევროსაბჭოს, ევროპის საბჭოს, საქართველოში გაეროს წარმომადგენლობის, UNICEF-ის, უზენაესი სასამართლოს, თბილისის საქალაქო სასამართლოს, სააპელაციო სასამართლოს, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის, სასჯელაღრულების პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს და მუდმივმოქმედი კომისიის წარმომადგენლები. აგრეთვე სახალხო დამცველი და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების ექსპერტები.
აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს ადვოკატირების კამპანიების განახორციელებას და საზოგადოებრივი განხილვების ორგანიზებას ციხის კოდექსში აუცილებელი ცვლილებების შესატანად. პროექტის ფარგლებში "მუხლი 42" შექმნის სამუშაო ჯგუფს, რომელიც მოამზადებს რეკომენდაციებს პატიმრობის კოდექსში შესატანი ცვლილებების შესახებ, ასევე მომზადდება საჯარო განცხადებები პატიმრობის კოდექსში არსებულ ძირითად ხარვეზებთან დაკავშირებით.

















