ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დღეს, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“,
უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელი პრესკონფერენციას და უფლებადამცველთა მდგომარეობის შესახებ ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს.
ცენტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ანგარიში წარმოადგენს ნაწილს, საქართველოს შესახებ უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელის საერთო ანგარიშიდან, რომელიც მიმოიხილავს უფლებადამცველთა მდგომარეობას საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში.
ანგარიშის თანახმად, წამყვანი უფლებადამცველები, რომლებიც საქართველოს დედაქალაქში მოღვაწეობენ, უფრო მეტად არიან დაცულნი, ვინაიდან მათ მეტად მიუწვდებათ ხელი სხვადასხვა მედიასაშუალებებსა და საერთაშორისო ქსელებზე. თბილისის გარეთ, საქართველოს რეგიონებში მოღვაწე უფლებადამცველები კი კვლავ განიცდიან ზეწოლას და მათი უფლებები ისევ ირღვევა. რეგიონებში მსგავსი ფაქტები, ძირითადად, აღურიცხავი რჩება.
ანგარიშს თან ერთვის კონკრეტული რეკომენდაციები, როგორც ეროვნული, ასევე საერთაშორისო ორგანოების მიმართ. უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელი იმედს იტოვებს, რომ ახალი ხელისუფლება მჭიდროდ ითანამშრომლებს უფლებადამცველ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მათ რეკომენდაციებსაც გაითვალისწინებს.
„უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელი“ საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში, 30 უფლებადამცველ ორგანიზაციას აერთიანებს.
ქსელი - „ ევროპული ინსტრუმენტი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის“ (EIDHR) დახმარებით შეიქმნა.

















