თბილისის საქალაქო სასამართლოში, დღეს, ბუტა რობაქიძის მეგობრის – გიორგი ქურდაძისა და სხვა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა - ტარებაში ბრალდებულ პირთა პროცესი გაიმართება.
როგორც „ნიუსპრესს“ არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლიდან“ აცნობეს, ბრალდებულები 8 წლის განმავლობაში, უშედეგოდ ამტკიცებდნენ, რომ მათ, 2004 წლის 24 ნოემბერს იარაღი ჩაუდეს.
ბუტა რობაქიძის მკვლელობას თავდაპირველად, აუცილებელი მოგერიების ფარგლებს გადაცილებული მკვლელობის კვალიფიკაცია მიენიჭა, თუმცა მოგვიანებით, საზოგადოებრივი პროტესტის შედეგად, მკვლელი პოლიციელი – ბაშალეიშვილი გაუფრთხილებლობით ჩადენილი მკვლელობისთვის გასამართლდა.
დანაშაულზე, 2012 წლის ნოემბრიდან, პროკურატურამ ხელახალი გამოძიება დაიწყო.
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ყოფილი თანამდებობის პირთა
პასუხისმგებლობის საკითხი უკვე დადგა. მიუხედავად ამისა, ქურდაძის მიმართ ბრალდება დღემდე არ არის მოხსნილი და მას აღმკვეთი ღონისძიება აქვს შეფარდებული.
გიორგი ქურდაძის ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი, განსასჯელთა გამართლებას მოითხოვს და იმედს გამოთქვამს, რომ „ქურდაძისა და მისი მეგობრების მიმართ ფალსიფიცირებული ბრალდების მოხსნა, სამართლიანობის აღდგენის და მართლმსაჯულების სამართლებრივ სივრცეში დაბრუნების საფუძველი გახდება.“

















