საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრის, გოგა ხაჩიძის ძმის ქონებასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომლის ტექსტსაც „ნიუსპრესი“ უცვლელად გთავაზობთ:
„მევლუდ გიორგის ძე ხაჩიძის საკუთრებაში არსებულ უძრავ-მოძრავ ქონებას, მიწის გადასახადის გადაუხდელობის გამო, სპეციალურიო პროგრამის საშუალებით, ავტომატურ რეჟიმში, დაედო საგადასახადო გირავნობა-იპოთეკა და არა ყადაღა, როგორც ამას დეპუტატი გიორგი ხაჩიძე აცხადებს. საგადასახადო გირავნობა მიწის გადასახადთან დაკავშირებით, დღევანდელი მონაცემებით, ბატონ მევლუდ ხაჩიძესთან ერთად, წარმოშობილი აქვს საქართველოს კიდევ 10 ათასზე მეტ მოქალაქეს. მისი დავალიანება შეადგენს 235 ლარსა და 13 თეთრს, რასაც საურავის სახით დარიცხული აქვს 3 ლარი და 46 თეთრი. დავალიანების დაფარვისთანავე, ავტომატურად, პროგრამა საგადასახადო გირავნობას გააუქმებს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის თანახმად, საგადასახადო გირავნობის-იპოთეკის უფლება წარმოიშობა დავალიანების წარმოშობასთან ერთად და მარეგისტრირებელ ორგანოებში რეგისტრაციის მომენტიდან იგი ავტომატურად ვრცელდება გადასახადის გადამხდელის მთელ ქონებაზე. საგადასახადო გირავნობა-იპოთეკა არის სახელმწიფოს უფლება გადასახადის გადამხდელის ქონებიდან, უზრუნველყოს საგადასახადო დავალიანების დაფარვა. აქვე განვმარტავთ, რომ აღნიშნული უფლება არ ზღუდავს ქონების განკარგვას.
საგადასახადო გირავნობის-იპოთეკის უფლება (ისევე როგორც საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის სხვა ღონისძიებები) უქმდება საგადასახადო დავალიანების დაფარვისთანავე.
2012 წელს,შემოსავლების სამსახურის მიერ, დაახლოებით 75 ათასს გადამხდელს დაერიცხა ქონების გადასახადი მიწაზე, რომლის გადახდის ვალდებულება 15 ნოემბრისთვისდგება. დღეისათვის, აღნიშნული გადასახადის გადაუხდელობის გამო, საგადასახადო გირავნობის-იპოთეკის უფლება წარმოშობილია 10 ათას მეტ გადამხდელზე.
შეტყობინება საგადასახადო გირავნობის-იპოთეკის წარმოშობის შესახებ, გადამხდელს ეგზავნება ელქტრონულად, შემოსავლების სამსახურის ვებ-პორტალის (www.rs.ge) პირად გვერდზე. ხოლო, იმ გადამხდელებს, რომლებიც არ არიან რეგისტრირებული შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე, შეტყობინებები ეგზავნებათ მატერიალური ფორმით როგორც ეს მოხდა ბატონი მევლუდ ხაჩიძის შემთხვევაში“ - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

















