ქალთა პატიმრობის, ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის #5 დაწესებულებაში, თანამედროვე სტანდარტების ელექტრონული ბიბლიოთეკა გაიხსნა.
სასჯელაღსრულების სამინისტროს პრეს-სამსახურის ინფორმაციით, ბიბლიოთეკა სამინისტროსა და ქალაქ ოსლოს კულტურულ საკითხთა სააგენტოს საჯარო ბიბლიოთეკას შორის არსებული 2011 წლის ნოემბრის ხელშეკრულების საფუძველზე გაიხსნა.
სამინისტროს ინფორმაციითვე, საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემისთვის, ელექტრონული ბიბლიოთეკა უპრეცედენტო ნოვაციას წარმოადგენს. დაწესებულებაში ფუნქციონირება დაიწყო აგრეთვე საგანმანათლებლო ცენტრმა, სადაც მსჯავრდებულ ქალებს საშუალება ექნებათ შეისწავლონ უცხო ენა, სხვადასხვა ხელობა, მათ შორის ფლორა - დიზაინი, ასევე ჩაერთონ სარეაბილიტაციო პროგრამებში და ჩაატარონ ლიტერატურული თუ სხვა სახის კულტურული ღონისძებები.
გახსნას საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს, პროექტის განხორციელებაში ჩართული პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

















