თეთრაძის საქმესთან დაკავშირებით, სასჯელაღსრულების დაწესებულების ყოფილი თანამშრომლის, სერგო ბიწაძის დაკავებაზე, პროკურატურა განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუსპრესი“ უცვლელად გთავაზობთ:
„მთავარმა პროკურატურამ სერგო თეთრაძის საქმეზე, სასჯელაღსრულების დაწესებულების  სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ყოფილი უფროსი, ინსპექტორი სერგო ბიწაძე  დააკავა. ბიწაძეს ბრალად  სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება ედება. დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის  I ნაწილით.
გამოძიებით დადგინდა,  რომ 2011 წლის 20 სექტემბერს, დაახლოებით 19 საათსა და 30 წუთზე, გლდანის მე-8 დაწესებულების  სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების  უფროსმა ინსპექტორმა  სერგო ბიწაძემ,   სასჯელაღსრულების დეპარტამენტის  გლდანის მე-8 დაწესებულების დირექტორ ალექსანდრე მუხაძესთან და მასთან დაახლოებულ პირ რ. მ.-სთან ერთად,  მუხაძის “TOYOTA "PRADO"-ს მარკის სამსახურებრივი  მანქანით,  გლდანის მე-8 დაწესებულების ე.წ. "შლუზი"-დან, სადაც ავტომანქანით შესვლის უფლება მხოლოდ საბადრაგო სამსახურის თანამშრომლებს აქვთ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 176-ე მუხლის მე-6 ნაწილისა და „პატიმრობის კოდექსის“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მოთხოვნათა უხეში უგულებელყოფით,     გამოიყვანა ხელბორკილდადებული პატიმარი სერგო თეთრაძე და წაიყვანა დაუდგენელ ადგილას. 
დაახლოებით 4-5 საათის შემდეგ, იმავე  მანქანით,  სერგო  თეთრაძე დაწესებულებაში დააბრუნეს. მას აშკარად ეტყობოდა ფიზიკური ზემოქმედების კვალი, რითაც დაირღვა სერგო თეთრაძის კანონიერი ინტერესი. 
აღნიშნული ქმედების გამო,  5 დეკემბერს, სერგო ბიწაძეს  ბრალი დაედო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში. დაუსწრებლად წაეყენა ბრალი ალექსანდრე მუხაძესაც, რომლიც  საქართველოში არ იმყოფება“ - ნათქვამია მთავარი პროკურატურის განცხადებაში.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                 
 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                



 
                        
                                     
                                     
                                     
                                     
                                     
                                    












